Mikhailyuk, Sorokolat & Partners

პატენტრწმუნებულნი

ევროკავშირის ერთიანი პატენტი

ევროკავშირის ერთიანი პატენტი, ან უნიტარული ეფექტის მქონე ევროპული პატენტი არის პატენტის ტიპი, რომელიც გთავაზობთ უნიფიცირებულ დაცვას ევროკავშირის წევრ ქვეყნების უმეტესობაში, ევროპის საპატენტო უწყებაში ერთი განაცხადის შეტანით. დღესდღეობით 17 სახელმწიფომ უკვე მოახდინა ევროკავშირის ერთიანი პატენტის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რაც ნიშნავს, რომ იგი მოქმედებს ავსტრიაში, ბელგიაში, ბულგარეთში, დანიაში, ესტონეთში, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ლატვიაში, ლიტვაში, ლუქსემბურგში, მალტაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, სლოვენიაში, ფინეთში, შვედეთში და ესტონეთში. დროთა განმავლობაში, ეს პროცედურა უზრუნველყოფს ევროკავშირის 25 წევრ ქვეყანაში საპატენტო დაცვას ევროპის საპატენტო უწყებაში ერთი განაცხადის შეტანის გზით.


ევროკავშირის ერთიანი პატენტის უპირატესობები

ევროკავშირის ერთიანი პატენტი აადვილებს პატენტების დაცვას და უზრუნველყოფს თანაბარ დაცვას და მოქმედებას ყველა შეთანხმებაში მონაწილე წევრ სახელმწიფოში. კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ უნიტარული ეფექტის მქონე ევროპული პატენტის ძალაში შენარჩუნების საფასური უფრო დაბალია, ვიდრე ეროვნული საპატენტო განახლების საფასური შესაბამის ქვეყნებში.

გარდა ამისა, ერთიანი საპატენტო სასამართლო, რომელიც მოქმედებს უნიტარული ეფექტის მქონე ევროპული პატენტის სისტემასთან თანხვედრაში, მიზნად ისახავს უზრუნველყოს ცენტრალიზებული სასამართლო პროცესი როგორც ევროკავშირის ერთიანი პატენტისთვის, ასევე ევროპული პატენტისთვის. ვინაიდან სამართლებრივი დავების განხილვა ახლა შესაძლებელი იქნება საერთო სასამართლოში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ერთიანი პატენტის სისტემის ყველა წევრ ქვეყანას და უფლებების მფლობელებს აღარ მოუწევთ სასამართლო განხილვის ჩატარება ცალკეულ იურისდიქციებში, ყოველივე ეს, სავარაუდოდ, გააუმჯობესებს სამართლებრივ წესრიგს და თანმიმდევრულობას.


როგორ შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის ერთიან პატენტზე?

ევროკავშირის ერთიანი პატენტის მისაღებად, განმცხადებელი ჯერ იღებს ევროპულ პატენტს ევროპის საპატენტო უწყებაში განაცხადის შეტანით. პატენტის მიღების შემდეგ განმცხადებელმა ერთი თვის ვადაში უნდა წარადგინოს მოთხოვნა მისთვის უნიტარული ეფექტის მინიჭებაზე. ამ ვადის გაგრძელება არ არის შესაძლებელი, მაგრამ მისი განახლება შესაძლებელია გასვლიდან ორი თვის განმავლობაში. უნიტარული ეფექტის მოთხოვნა შესაძლებელია ნებისმიერ ევროპულ პატენტზე, რომელიც გაცემულია 2023 წლის 1 ივნისიდან მოყოლებული.

ევროპული პატენტი უნდა გაიცეს ფორმულის მუხლების იდენტური ნაკრებით ყველა წევრ ქვეყანაში.

გაცემული ევროპული პატენტებისთვის, უნიტარული ეფექტის მიღების პროცესს დაახლოებით 12 თვე სჭირდება, თუ ექსპერტიზის პროცესი შეუფერხებლად წარიმართება.

განაცხადები ევროპის საპატენტო უწყებაში შეიძლება წარდგენილი იყოს ევროპის საპატენტო უწყების ნებისმიერ ოფიციალურ ენაზე, კერძოდ ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულ ენაზე. აღწერილობა და ფორმულა უნდა იყოს თარგმნილი ინგლისურად (თუ განაცხადი შეტანილია გერმანულ ან ფრანგულ ენაზე) ან ევროკავშირის 24 ოფიციალურ ენაზე (თუ განაცხადი შეტანილია ინგლისურ ენაზე). თარგმანის ხარჯების ანაზღაურება შესაძლებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ფიზიკური პირებისთვის, არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, უნივერსიტეტებისა და საზოგადოებრივი კვლევითი ორგანიზაციებისთვის.

უნიტარული ეფექტის მოთხოვნის წარდგენისათვის ოფიციალური გადასახადი არ არის განსაზრვრული. ყველა საფასური, რომელიც დაკავშირებულია ევროპული პატენტის გაცემასთან გადახდილი უნდა იყოს ევროპულ საპატენტო უწყებაში.


ევროკავშირის ერთიანი პატენტის მიღების პროცედურა

უნიტარული ეფექტის მინიჭების შესახებ მოთხოვნის მიღებისთანავე, ევროპის საპატენტო უწყება განსაზღვრავს, გაიცა თუ არა პატენტი ევროპის საპატენტო უწყების მიერ და მომზადდა თუ არა განაცხადი უნიტარული ეფექტის მინიჭების შესახებ ყველა წესის შესაბამისად.

ექსპერტიზის წარმატებით დასრულების შემდეგ, ევროპის საპატენტო უწყება გასცემს ევროკავშირის ერთიან პატენტს და აცნობებს განმცხადებელს რეგისტრაციის თარიღის შესახებ. მისი მოქმედების ვადა შეადგენს 20 წელს განაცხადის შეტანის დღიდან.


ევროკავშირის ერთიან პატენტთან დაკავსირებული შეზღუდვები

ევროკავშირის ერთიანი პატენტის სისტემა ხასიათდება წევრი ქვეყნების შეზღუდული რაოდენობით (მაგალითად, მასში არ შედის დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და შვეიცარია).

გარდა ამისა, ევროკავშირის ერთიანი პატენტის წინააღმდეგ ნებისმიერ დროს შეიძლება აღიძრას ცენტრალიზებული სარჩელი გაუქმების შესახებ მისი გაცემიდან მოქმედების ვადის გასვლამდე პერიოდში.


ევროკავშირის ერთიანი პატენტი ასახული ციფრებში

2023 წლის იანვარ-ნოემბერში დაახლოებით 82000 ევროპული პატენტი გადავიდა საგრანტო ეტაპზე. აქედან დაახლოებით 15000-ზე, ანუ 18%-ზე, გაკეთდა მოთხოვნა უნიტარული ეფექტის მინიჭებაზე. მათი უმეტესობა სამედიცინო ტექნოლოგიებს, მშენებლობას და ტრანსპორტს ეხება.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ევროკავშირის ერთიან პატენტთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს სპეციალისტებს თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი გზით.

კომპანია „მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები“ სიამოვნებით მოგაწოდებთ საჭირო კვალიფიციურ ინფორმაციას.