MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

სტარტაპი სასაქონლო ნიშნის გარეშე – ფალსტარტი


ARCHIVE: 2020


2020 წლის 1 დეკემბერი

თანამედროვე სამყარო სულ უფრო ტექნოლოგიური და გლობალიზებული ხდება. იდეები ჰაერში ტრიალებს, ისინი აისახება ახალ პროდუქტებსა და მომსახურებაში და სწრაფად ვრცელდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ყველაფერი, რაც ახალია იზიდავს არა მხოლოდ ინვესტორებს, არამედ სხვა დაინტერესებულ პირებსაც, რომლებსაც შეუძლიათ იდეის გამოყენება ან მითვისება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ნებისმიერ იდეას დროულად უნდა მიენიჭოს სამართლებრივი დაცვა.

ვინაიდან იდეები ინტელექტუალური საქმიანობის შედეგს წარმოადგენს, მათი დაცვა შესაძლებელია სასაქონლო ნიშნების, ნოუ-ჰაუს, გამოგონებების, საავტორო უფლებების ან ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტების რეგისტრაციის მეშვეობით. ყოველდღიურად ათასობით განაცხადის წარდგენა ხდება საპატენტო უწყებებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, დაცვის ყველაზე პოპულარული ფორმაა სასაქონლო ნიშანი.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თავისებურებები

სასაქონლო ნიშნის სახით შეიძლება დარეგისტრირდეს ლოგოტიპი, საფირმო სახელწოდება, პროდუქტის დასახელება, დომენი, სლოგანი და ა.შ. საკუთარი სასაქონლო ნიშნის შემუშავება, რომელიც გახდება სტარტაპ კომპანიის ბრენდის განუყოფელი ნაწილი, სასურველია დაიწყოს ახალი პროექტის ან პროდუქტის შექმნის პარალელურად. ამისათვის ყურადღებით უნდა იქნას შემუშავებული ნიშნის ყველა ელემენტი: სიტყვები ან ასოები, სიმბოლოები, ფერები, შრიფტები.

ამასთან, სასაქონლო ნიშნის შემუშავება არ არის საკმარისი - საჭიროა მისი დარეგისტრირებაც. ნებისმიერი ფორმის საკუთრების საწარმოს რეგისტრაციაც ვერ დაიცავს თქვენს საფირმო დასახელებას, რადგან ბაზარზე შესაძლოა არსებობდეს კომპანიები მსგავსი სახელწოდებით. ამიტომ, სტარტაპ-კომპანიის სახელწოდების დასაცავად, თქვენ ასევე უნდა აირჩიოთ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივია, მაგრამ ამის შედეგად, მისი მფლობელი იღებს ექსკლუზიურ უფლებას დამოუკიდებლად განკარგოს იგი, ანუ გამოიყენოს, გაყიდოს, დართოს ნება მესამე პირს მის გამოყენებაზე ან აუკრძალოს მას აღნიშნული სასაქონლო ნიშნის გამოყენება, აგრეთვე დააკისროს მესამე პირებს პასუხისმგებლობა განსაკუთრებული უფლებების დარღვევისათვის. ამასთან, ასეთი სამართლებრივი დაცვა ძალაშია მხოლოდ იმ ქვეყანაში ან რეგიონში, სადაც ნიშანი დარეგისტრირებულია.

იმისათვის, რომ სასაქონლო ნიშანი დაცული იყოს სხვა ქვეყნებში, აუცილებელია შესაბამისი განაცხადების შეტანა ნიშნის რეგისტრაციისთვის თითოეულ სახელმწიფოში ან გამოიყენოთ საერთაშორისო რეგისტრაციის პროცედურა მადრიდის სისტემის მიხედვით, რომლის თანახმადაც საკმარისია ერთი საერთაშორისო განაცხადის წარდგენა, ყველა დაინტერესებული ქვეყნის მითითებით ისმო-ს სპეციალურ ორგანოში.

საიმედო ბრენდის ფორმირებისთვის მიზანშეწონილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მისი თითოეული ელემენტისთვის. ეს არის საფირმო სახელწოდება, ლოგოტიპი და ყველა პროდუქტის დასახელება. ამრიგად, მფლობელისთვის შესაძლებელი იქნება უზრუნველყოს საკუთარი ახალი სტარტაპ-პროექტისთვის და ზოგადად ბიზნესისთვის სამართლებრივი დაცვა.

ინვესტიციები

სტარტაპ-კომპანიათა ბიზნესი აგებულია ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე, ხოლო მათი საქმიანობა ხშირ შემთხვევაში შეზღუდულია ბიუჯეტით. სტარტაპერებს სჭირებათ დიდი ინვესტიცია სამომავლო განვითარებისთვის. სტარტაპის უნიკალური სახელი, რომელიც შეესაბამება მის იდეასა და საქმიანობის მიმართულებას, საკუთარი თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობაა ბაზარზე.

ინვესტორებისთვის სტარტაპის სახწოდება - წარმოადგენს ერთგვარ ღუზას კონკრეტული პროექტის მიმართ ყურადღების მისაქცევად. ეს იწვევს ასოციაციას სტარტაპის საქმიანობასა და მის პროდუქტთან, ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში მასში ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით. სტარტაპსა და მის სახელს შორის ურთიერთკავშირი ასევე ჩანს იქიდანაც, რომ სტარტაპის დაფინანსებისას, ინვესტორი გადაწყვეტილებას იღებს ინვესტიციის შესახებ არა მხოლოდ იდეაში, არამედ ბრენდში, რომლის ქვეშაც ასეთი იდეა არის წარდგენილი ბაზარზე. ამიტომ, სტარტაპის ან კონკრეტული პროექტის სახელწოდების სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია არის პირველი ნაბიჯი ინვესტიციების მოსაზიდად.

სტარტაპი რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნით - მაჩვენებელია იმისა, რომ აღნიშნული კომპანია ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ თავისი პროექტის განვითარებას, არამედ მისი სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფას. ამრიგად, გარკვეულ შემთხვევებში, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის არსებობა შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ფაქტორი, ინვესტორის მხრიდან რესურსების ინვესტირების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

სასაქონლო ნიშანი როგორც მატერიალური აქტივი

სასაქონლო ნიშანი არა მხოლოდ კომპანიის ინდივიდუალიზაციისა და მომხმარებლისა და ინვესტორების მოზიდვის საშუალებაა, არამედ მნიშვნელოვანი არამატერიალური აქტივია, რაც კომპანიის ქონების კომპლექსის ელემენტს წარმოადგენს. რთული არ იქნება უძრავი ქონების ან მანქანის ღირებულების შეფასება, რადგან მატერიალური ქონების ბაზარი ასეთი წინადადებებით არის სავსე. სასაქონლო ნიშნის ღირებულება განისაზღვრება ღირებულებისა და მოთხოვნის მიხედვით საქონელზე ან/და მომსახურებაზე, რომლებიც წარმოდგენილია ბაზარზე აღნიშნული ნიშნით.

მას შემდეგ, რაც რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს ექნება მისი განკარგვის უფლება, მას ასევე ეძლევა შესაძლებლობა გაყიდოს ან გადასცეს თავისი ნიშნის გამოყენების უფლება სხვას. პერსპექტიული პროდუქტისთვის, სასაქონლო ნიშნის საბაზრო ღირებულება, როგორც წესი, მნიშვნელოვნად აღემატება თავად პროდუქტის ღირებულებას და შესაძლოა მნიშვნელოვნად აღემატებოდეს კომპანიის საბალანსო ღირებულებას. ანუ რაც უფრო ცნობილი, ორიგინალური და პოპულარულია პროდუქტი, მით უფრო მაღალი იქნება ასეთი სასაქონლო ნიშნის ღირებულება.

ამრიგად, სასაქონლო ნიშნის შექმნისა და რეგისტრაციისთვის გაწეული ხარჯები უმნიშვნელო იქნება იმ მოგებასთან შედარებით, რომლის მიღებაც არის შესაძლებელი მოგვიანებით.

როგორ შევინარჩუნოთ კონტროლი სტარტაპზე

ჩვეულებრივ სტარტაპი რამდენიმე ეტაპს გადის: ჯერ იკრიბება თანამოაზრეების ჯგუფი, შემდეგ იხსნება კომპანია, შემდეგ კი ხდება ინვესტორის მოზიდვა კომპანიისთვის. ამ ეტაპზე, ყველაზე ხშირად კომპანიის დამფუძნებლების წილი მნიშვნელოვნად იკლებს, რადგან ინვესტორის მხრიდან, კაპიტალში მნიშვნელოვანი ფინანსური გავლენით, იგი ხდება კომპანიის ძირითადი მფლობელი. ამავე დროს, შემქმნელთა წვლილი შეფასებულია კომპანიის საბალანსო ღირებულების ოდენობით, ამიტომ მათი აქციების პაკეტი არა მაკონტროლებელი ხდება.

ამასთან, არამატერიალური აქტივების არსებობამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს დამფუძნებელთა წილი კომპანიის აქტივებში, ზოგჯერ კი გაათანაბროს ინვესტორის წილთან. კომპიუტერული პროგრამების, როგორც საავტორო უფლებების ობიექტების, მონაცემთა ბაზების ან სასაქონლო ნიშნის ობიექტების ღირებულება შეიძლება დადგინდეს ამ ობიექტების მფლობელების მიერ. სინამდვილეში, ინვესტორი კომპანიაში კი არ დებს ინვესტიციას, არამედ როგორც იურიდიული პირი, იგი კომპანიის მიერ შემუშავებული ბრენდის ინვესტირებას ახდენს, რომლის განსახიერებაა მისი არამატერიალური აქტივები. ამიტომ, სათანადოდ რეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრება, რომელიც კომპანიის კაპიტალის შენატანად მოიაზრება, ხელს შეუწყობს დამფუძნებლების დარჩენას მართვის სათავეში.

სტარტაპი, IT და უცხო ქვეყნები

როგორც წესი, სტარტაპ-პროექტები უკავშირდება ინფორმაციული ტექნოლოგიის სფეროს. ხშირად, ადამიანთა უმეტესობა ცდილობს წარადგინოს საკუთარი IT-სტარტაპი შეერთებულ შტატებში, რადგან სწორედ ამერიკაშია გამართული არამარტო სახალხო ფინანსირება, არამედ ბიზნეს ინკუბატორებიც. ამრიგად, საინტერესო IT პროექტს შეუძლია მიიღოს ღირსეული დაფინანსება და უფრო სწრაფად მიაღწიოს საერთაშორისო დონეს.

როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, სასაქონლო ნიშანი ინვესტორებისთვის შეიძლება იყოს იმის მაჩვენებელი, რომ სტარტაპის საქმიანობა გულდასმით არის დაგეგმილი და მისი შემქმნელები აცნობიერებენ მათი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობას.

რაც შეეხება სტარტაპის ლოგოს, ის შეიძლება დარეგისტრირდეს არა მხოლოდ როგორც სასაქონლო ნიშანი, არამედ როგორც დიზაინი. თუ ლოგო დარეგისტრირებულია, როგორც დიზაინი, სასურველია ამ პროცედურის ჩატარება ჰააგის სისტემით. ამ სისტემის მიხედვით საჭიროა ერთი განაცხადის შეტანა ეროვნულ საპატენტო უწყებაში ან უშუალოდ WIPO-ში. ამასთან, საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედება გავრცელდება განმცხადებლის მიერ არჩეული რამდენიმე მონაწილე ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის შეერთებულ შტატებზეც.

ფინანსური თვალსაზრისით, დიზაინის რეგისტრაციის მეშვეობით ლოგოტიპის დაცვა ჰააგის სისტემის მიხედვით მნიშვნელოვნად ნაკლებ სახსრებს გულისხმობს, ვიდრე საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მაგრამ ამგვარი დაცვის ხარისხი გარკვეული გაგებით უფრო დაბალი იქნება და, შესაბამისად, უფრო რთული იქნება უფლებების დარღვევის თავიდან აცილება.

არარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენების შედეგები სტარტაპისთვის

არარეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი, რომელიც გამოიყენება სტარტაპ-კომპანიის მიერ, შეიძლება გამოყენებულ იქნას მესამე პირის მიერ.

თქვენ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში იმუშაოთ თქვენი ბრენდის პოპულარიზაციაზე და კომპანიის განვითარებაზე და გაზარდოთ არა მხოლოდ თქვენი ცნობადობა, არამედ თქვენი არაკეთილსინდისიერი კონკურენტების ცნობადობის დონეც. ხშირია კიბერსკვორტინგის, ბრენდის-სკვორტინგის და საპატენტო ტროლინგის შემთხვევები, როდესაც დაინტერესებული პირები სპეციალურად ეძებენ საინტერესო იდეებს, წარადგენენ მათ რეგისტრაციაზე და შემდეგ, საუკეთესო შემთხვევაში, მიჰყიდიან მათ საავტორო უფლებების ნამდვილ მფლობელს. ვინაიდან მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების კანონმდებლობა ემყარება განაცხადის შეტანის პირველობის კონცეფციას, ძალიან ძნელი და ძვირი იქნება პრეტენზიების წარდგენა დამრღვევისთვის, რომელმაც შეიტანა თქვენი იდეა სარეგისტრაციოდ, ასევე იმის დამტკიცება, თუ რომელმა კომპანიამ შეიმუშავა იგი პირველად.

გარდა ამისა, თუ სტარტაპ-პროექტი ორიენტირებულია ექსპორტზე და შეიცავს სხვა კომპანიის მიერ რეგისტრირებულ აღნიშვნებს ერთ ან მეტ თქვენს მიერ დაინტერესებულ ქვეყანაში, საბაჟოზე თქვენი საქონელი მიჩნეული იქნება კონტრაფაქტად და მოხდება მისი ჩამორთმევა. ამას შეიძლება მოჰყვეს სასამართლო დავა, სარჩელი, ზიანის ანაზღაურება და კომპენსაციის გადახდა.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია არ იცავს თქვენ პროდუქციას შესაძლო ბოროტად გამოყენებისგან, კოპირებისგან და უკანონო წარმოებისგან, თუმცა ის საშუალებას მოგცემთ მოითხოვოთ ამგვარი საქმიანობის შეწყვეტა, აგრეთვე მოსთხოვოთ პასუხი მესამე პირებს თქვენი განსაკუთრებული უფლებების დარღვევისთვის.

კომპანიის „მიხაილიუკი სოროკოლატი და პარტნიორები“ თანამშრომლები ყოველთვის სიამოვნებით მოგაწვდიან უფასო რჩევას რეგისტრაციისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, ჩვენი სპეციალისტები მოგაწვდიან კვალიფიციურ დახმარებას მთელ მსოფლიოში თქვენი უფლებების დასაცავად. დაგვიკავშირდით, თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი გზით.