BREXIT, სასაქონლო ნიშნები, დიზაინები


ARCHIVE: 2020


2020 წლის 29 დეკემბერს

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას აქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები. Brexit–მა გავლენა მოახდინა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების, ბიზნესის და მოქმედი კანონმდებლობის მრავალ ასპექტზე. ინტელექტუალური საკუთრების სფერო არ წარმოადგენს გამონაკლისს.

ევროკავშირში გაერთიანებული სამეფოს წევრობის პერიოდში რეგისტრირებული ობიექტების მოქმედების სამართლებრივი რეგულირება წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე აქტუალურ იურიდიულ საკითხს.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ხანგრძლივი პროცესი დაიწყო 2016 წლის რეფერენდუმით. მაშინ დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, თანამეგობრობის ქვეყნების და 15 წელზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში უცხოეთში მცხოვრები ბრიტანეთის მოქალაქეების თითქმის 52%-მა მხარი დაუჭირეს Brexit-ს. სამნახევარი წლის შემდეგ, 2020 წლის 1 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად დატოვა ევროკავშირი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ წლის დასაწყისში მოხდა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომლის თანახმად, ორივე მხარისთვის გარდამავალი პერიოდი დაიწყო 2020 წლის 1 თებერვლიდან. ევროკავშირის კანონმდებლობა დიდ ბრიტანეთში მხოლოდ 2020 წლის ბოლომდე იმოქმედებს.

ბრექსიტი და ინტელექტუალური საკუთრება

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა გავლენას არ მოახდენს გამოგონებების დაპატენტებაზე და საავტორო უფლებების რეგისტრაციაზე. ეს უკავშირდება იმას, რომ ევროპის საპატენტო უწყება იურიდიულად არ არის დაკავშირებული ევროკავშირთან. შესაბამისად, ზემოხსენებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე სამართლებრივი დაცვის მოსაპოვებლად კვლავ საჭირო იქნება ერთიანი განაცხადის შეტანა ევროპის საპატენტო უწყებაში.

თუმცა ცვლილებები შეეხება სასაქონლო ნიშნების და დიზაინების, რეგისტრაციის პროცედურებს, რომლებიც რეგისტრირდება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში (EUIPO). ამგვარად, მომავალი წლის 1 იანვრიდან ევროკავშირის სასაქონლო ნიშნებს და დიზაინებს, შეუწყდებათ სამართლებრივი დაცვა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. 2021 წლის დასაწყისიდან, დიდ ბრიტანეთში სასაქონლო ნიშნებზე და დიზაინზე უფლებების მოსაპოვებლად, საჭიროა განაცხადის შეტანა მოხდეს უშუალოდ დიდი ბრიტანეთის ეროვნულ უწყებაში (UKIPO).

ბრექსიტთან დაკავშირებით გადაწყდა რიგი დროებითი ზომების მიღება, რომლებიც მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სფეროს დარეგულირებას გარდამავალ პერიოდში და მის შემდეგ.

ბრექსიტი და სასაქონლო ნიშნები

გაერთიანებული სამეფოს ინტელექტუალური საკუთრების უწყება თავის ეროვნულ რეესტრში გადაიტანს მონაცემებს ევროკავშირის ყველა სასაქონლო ნიშნის შესახებ, რომელიც რეგისტრირებულ იქნა 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ასეთ დუბლირებულ რეგისტრაციას ექნება მრავალი თავისებურება, რაც უკავშირდება ევროკავშირში არსებულ წინა რეგისტრაციას.

რა შენარჩუნდება სასაქონლო ნიშნებისთვის

  • ევროკავშირში განაცხადის შეტანის თარიღი;
  • სამართლებრივი სტატუსი (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საავტორო უფლებების მფლობელები სრულად ინარჩუნებენ უფლებებს ობიექტთან მიმართებაში: მათ შეუძლიათ დაარეგისტრირონ უფლებების გადაცემა, დადონ სალიცენზიო ხელშეკრულებები, დაიცვან თავიანთი უფლებები სასამართლოში და ა.შ.);
  • პრიორიტეტი.

ბრექსიტი და დიზაინები

გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის დიზაინებს, როგორც რეგისტრირებულს ასევე არარეგისტრირებულს, შეუწყდებათ სამართლებრივი დაცვა დიდ ბრიტანეთში. ამასთან, ევროკავშირის რეგისტრირებული დიზაინების მფლობელთა ყველა მოქმედი უფლებები ავტომატურად იქნება რეგისტრირებული გაერთიანებული სამეფოს უწყების მიერ ეროვნულ დიზაინებად.

რა შენარჩუნდება დიზაინებისთვის

  • განაცხადის შეტანის თარიღი;
  • განახლების თარიღი რეგისტრირებული ევროკავშირის დიზაინის არსებული განახლების თარიღის შესაბამისად;
  • პრიორიტეტი.

ამასთან, უმჯობესია სამართლებრივი დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტების მფლობელებმა წინასწარ განაახლონ საკუთრების უფლებების დამადასტურებელი მონაცემები, თუ ისინი შეიცვალა. ამრიგად, სამართლებრივი დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების გაფორმებისას, ინფორმაცია კვლავ აქტუალური იქნება.

გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე (2020 წლის 31 დეკემბრამდე) ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში სასაქონლო ნიშნის ან დიზაინის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანისას და იმ პირობით, რომ განაცხადზე საქმისწარმოება არ დასრულებულა, განმცხადებელს დიდ ბრიტანეთში ენიჭება საშეღავათო პერიოდი 9 თვის ვადით (2021 წლის 30 სექტემბრამდე). ამ პერიოდის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის უწყებაში განაცხადის შეტანისას შეიძლება მოთხოვნილ იქნას ევროპული განაცხადის პრიორიტეტი. ამ პერიოდის დასრულებისას, პარიზის კონვენციით დადგენილ ვადაში- ევროკავშირში განაცხადის შეტანიდან 6 თვის განმავლობაში, შესაძლებელია განაცხადის პრიორიტეტის მოთხოვნა ევროკავშირის განაცხადის მიხედვით.