MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

ბოლარის დებულების შეტანა უკრაინის კანონმდებლობაში


ARCHIVE: 2020


2020 წლის 11 ივნისი

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონპროექტი უკრაინის კანონში „გამოგონებებისა და სასარგებლო მოდელების უფლებების დაცვის შესახებ“ ე.წ. ბოლარის დებულებების შემოღების შესახებ.

ბოლარის დებულებების არსებობა საპატენტო კანონში ძალზე მნიშვნელოვანია გენერიკების მწარმოებელი კომპანიებისთვის, რადგან იგი ითვალისწინებს კვლევისა და ცდების ჩასატარებლად და ასევე პატენტის მოქმედების ვადის გასვლამდე სამკურნალო საშუალებების რეალიზაციის ნებართვის მისაღებად პატენტით მინიჭებული უფლებებისგან განთავისუფლებას.

ამ დრომდე უკრაინის კანონმდებლობით არ იყო განსაზღვრული ბოლარის დებულება, როგორც ასეთი. უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, საპატენტო უფლებების დარღვევისთვის გათვალისწინებულია შემდეგი გამონაკლისები, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც ბოლარის დებულების მსგავსი:

ა) დაპატენტებული გამოგონების გამოყენება სამეცნიერო მიზნებისთვის ან ექსპერიმენტის ჩასატარებლად;

ბ) დაპატენტებული გამოგონების გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის.

ამის მიუხედავად, წინა სასამართლო პრაქტიკის თანახმად, უმეტეს შემთხვევაში, უკრაინის სასამართლოები დაპატენტებული სამკურნალო საშუალებების შემოტანას, თუნდაც საცდელად და კვლევის ჩასატარებლად და აგრეთვე სამკურნალო პროდუქტების რეგისტრაციას განიხილავდნენ პატენტის მფლობელის უფლებების დარღვევად. სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე პატენტის მფლობელს შეუძლია შეაჩეროს რეგისტრაციის პროცედურა პატენტის მოქმედების ვადის განმავლობაში ან გააუქმოს სამკურნალო საშუალებების რეალიზაციის არსებული ნებართვა, თუ ის უკვე მიღებულია.

მიღებული კანონპროექტის საშუალებით უკრაინის „გამოგონებებისა და სასარგებლო მოდელების უფლებების დაცვის შესახებ“ კანონში პატენტის დარღვევისთვის ხდება შემდეგი გამონაკლისების შემოღება:

- გამოგონების / სასარგებლო მოდელის გამოყენებით წარმოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი უკრაინის საბაჟო ტერიტორიაზე კვლევების ჩასატარებლად;

- ფარმაცევტული საქმიანობის ნებართვის მისაღებად საჭირო ინფორმაციის მომზადებისა და წარდგენის მიზნით ჩატარებული კვლევები.

კანონპროექტით ასევე ხდება უკრაინის კანონში „მედიკამენტების შესახებ“ ახალი ნორმის შემოღება. მასში ნათქვამია, რომ ორიგინალი სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მითითება და იმავე განმცხადებლის მიერ მისი გამოყენება იგივე აქტიური ნივთიერების შემცველი სხვა სამკურნალო საშუალების რეგისტრაციისთვის წარდგენილ სარეგისტრაციო მასალებში არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება და კომერციული თვალსაზრისით მისი არაკეთილსინდისიერი გამოყენება.

ამრიგად, დამტკიცებული შესწორებები საშუალებას მისცემს გენერიკების მწარმოებელ კომპანიებს მიიღონ გენერიკული ფარმაცევტული სამკურნალო საშუალებების რეალიზაციის ნებართვა ორიგინალ პროდუქტზე პატენტის მოქმედების ვადის განმავლობაში შესაბამისი პატენტის მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე უკრაინის ბაზარზე გასატანად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გენერიკების მწარმოებელი კომპანიების მიერ უკრაინის ბაზართან მიმართებაში ადრე დამტკიცებული სტრატეგიების ხელახალი განხილვა შეიძლება ჩაითვალოს მიზანშეწონილად.

კანონპროექტი მიღებულია 2020 წლის 2 ივნისს, ხოლო პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად გადაგზავნილია 2020 წლის 10 ივნისს. იგი ძალაში შევა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისთანავე და პარლამენტის მიერ გამოქვეყნებისთანავე.