MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

მცენარეთა ჯიშების რეგისტრაცია რუსეთში

რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად, მცენარის ჯიში არის მცენარეთა ჯგუფი, რომელიც, დაცვისუნარიანობის მიუხედავად, განისაზღვრება მოცემული გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციებისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით, რითაც განსხვავდება იმავე ბოტანიკური ტაქსონის მცენარეთა სხვა ჯგუფისაგან.

ახალი ჯიში შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ერთი ან რამდენიმე მცენარით, მცენარის ერთი ან რამდენიმე ნაწილით, იმ პირობით, თუ ეს ნაწილი ან ნაწილები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჯიშის, როგორც მთლიანი მცენარის, მიღებისათვის;

სელექციური მიღწევის დაცვის კატეგორიებია ჯიში, კლონი, ხაზი, პირველი თაობის ჰიბრიდი, პოპულაცია.

მცენარეთა სელექციონერების უფლებების რეგისტრაციისას შეიძლება წარმოიშვას შემდეგი უფლებები:

  • პირადი არაქონებრივი უფლებები მცენარის ჯიშზე;
  • საკუთრების უფლებები მცენარის ჯიშზე;
  • საკუთრების უფლებები მცენარის ჯიშის განაწილებაზე.

მცენარის ახალ ჯიშზე ზემოაღნიშნული უფლებების მტკიცებულების სახით მოქმედებს შესაბამისად, მცენარის ჯიშზე გაცემული საავტორო სერტიფიკატი, პატენტი და სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობა.

მცენარეთა სელექციონერის უფლებების რეგისტრაციისთვის, რუსეთის ფედერაციის სელექციური მიღწევების გამოცდისა და დაცვის სახელმწიფო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • განაცხადის ფორმა მცენარის ახალ ჯიშზე პატენტის მისაღებად, რომელიც შეიცავს ზოგად ინფორმაციას, როგორც ახალი ჯიშის, ასევე სელექციონერ(ებ)ის, განმცხადებლ(ებ)ის, წარმომადგენლის(ებ)ის და ა.შ. შესახებ.
  • განაცხადის ფორმა მცენარის ახალი ჯიშის გამოსაყენებლად, რომელიც შეიცავს ზოგად ინფორმაციას, როგორც ჯიშის, ასევე სელექციონერ(ებ)ის, განმცხადებლ(ებ)ის, წარმომადგენლის(ებ)ის და ა.შ. შესახებ.
  • მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა ზოგადი ინფორმაციის სახით;
  • კითხვარი მცენარის ახალი ჯიშის შესახებ, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას მცენარის ჯიშის მახასიათებლების, გამრავლების მეთოდის, ანალოგიური ჯიშისგან განმასხვავებელი ნიშნების, ზრდის განსაკუთრებული პირობების, ჯიშის ძირითადი გამოყენების და სელექციის სქემის შესახებ და ასევე ინფორმაციას გამოსაკვლევი მცენარეული მასალის და ა.შ. შესახებ.
  • პრიორიტეტული განაცხადის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი და ნოტარიუსის მიერ აპოსტილით დამოწმებული მინდობილობა;
  • განმცხადებლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი განაცხადის შეტანის შესახებ, თუ განმცხადებელი და სელექციონერი არ არის ერთი და იგივე პირი;
  • მცენარისა და მისი ნაწილების ამსახველი ფოტომასალა, რაც მიუთითებს მცენარის ჯიშის ძირითად მახასიათებლებზე.

გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფო კომისიამ შეიძლება მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისთვის.

მცენარეთა ჯიშის რეგისტრაციის პროცედურა რუსეთში მიმდინარეობს შემდეგნაირად:>

განაცხადის შეტანის პროცედურის დასრულების შემდეგ, განაცხადი გაივლის წინასწარ ექსპერტიზას დაახლოებით 1-2 თვის განმავლობაში. იმ პირობით, რომ განმცხადებელმა წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი, გაიცემა შეტყობინება ოფიციალური ექსპერტიზის დადებითი გადაწყვეტილების შესახებ და განაცხადის მონაცემები ქვეყნდება ოფიციალურ ბიულეტენში.

წინასწარი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ იწყება არსობრივი ექსპერტიზა. არსობრივი ექსპერტიზა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

1) ექსპერტიზა მცენარის ჯიშის სიახლის შესახებ (მცენარის ჯიში ახალია, თუ პატენტის გაცემის შესახებ განაცხადის შეტანის თარიღისთვის მოცემული სელექციური მიღწევის თესლი ან სანაშენე მასალა არ იქნა გაყიდული ან სხვაგვარად გასხვისებული მესამე პირებზე, სელექციონერის ან მისი უფლებამონაცვლის თანხმობით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სელექციური მიღწევის გამოყენების მიზნით ამ თარიღამდე ერთი წლით ადრე; ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ოთხი წლით ადრე ან ყურძნის ვაზის და დეკორატიული ხეების, ხილისა და ტყის ხეების შემთხვევაში, აღნიშნულ თარიღამდე ექვსი წლით ადრე. მე-4 მუხლი, რუსეთის ფედერაციის კანონი, სელექციური მიღწევის დაცვის შესახებ);

2) ახალი ჯიშის დასახელების ექსპერტიზა;

3) ახალი ჯიშის შესაბამისობა განმასხვავებელი ნიშნების, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის მოთხოვნების კრიტერიუმებთან;

4) ექსპერტიზა ახალი ჯიშის ეკონომიური სარგებლიანობის შესახებ.

არსობრივი ექსპერტიზის შედეგად მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში და რეგისტრაციის საფასურის გადახდის შემდეგ მცენარის ახალ ჯიშზე გაიცემა მცენარის ჯიშის სახელმწიფო რეგისტრაციის სერტიფიკატი და მცენარის ჯიშზე საავტორო უფლებების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

თუ ახალი ჯიში არ აკმაყოფილებს სიახლის მოთხოვნას, მაგრამ გაიცემა დადებითი გადაწყვეტილება არსობრივი ექსპერტიზის შედეგად პატენტუნარიანობის დანარჩენი მოთხოვნების საფუძველზე, განმცხადებელი იღებს მცენარის ჯიშის სახელმწიფო რეგისტრაციის სერთიფიკატს.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ მომსახურებას რუსეთში მცენარეთა ახალი ჯიშების რეგისტრაციის შესახებ. ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მოგვმართოთ.